წერილი გერმანიიდან ეროვნულ ბიბლიოთეკას
 20/01/2010

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს, ბატონ ემზარ ჯგერენაიას   ისტორიკოსმა ფრანკ ტრემელმა მოაწოდა გერმანულ-კავკასიური საზოგადოება „ლილეს“ ინიციატივით მომზადებული წერილი.

გთავაზობთ წერილის ქართულ თარგმანს.

 

 

ჰამბურგის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო სისტემის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარესა  და ჰამბურგის კარლ ფონ ოსიეცკის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს,

პროფესორ  გაბრიელე ბეგერს

 

ფონ მელეს პარკი 3

20146 ჰამბურგი

 

ჰამბურგი, 15.01.2010

 

თემა: სისტემური ცვლილება სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მთავარი  ბიბლიოთეკის აღმოსავლეთ ქვეყნების სამართალის განყოფილებაში.  

 

 

პატივცემულო ქალბატონო, პროფესორო დირექტორო ბეგერ,

 

მოგმართავთ, როგორც ჰამბურგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების დარგობრივ კლასიფიკაციაზე პასუხისმგებელ  პირს, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მთავარი  ბიბლიოთეკის აღმოსავლეთ ქვეყნების სამართლის განყოფილებაში სისტემატურ კატალოგში გატარებული ცვლილების შესახებ.

 

ამ წერილის ასლს ასევე ვუგზავნით  საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში, განათლებისა და მეცნიერების სენატორს ქალბატონ ჰერლინდ გუდნელახს და ჰამბურგის უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტს,  დოქტორ გაბრიელე ლიოშპერს ჰამბურგში.

 

გწერთ სტუდენტები, რომლებსაც საქართველოსთან ნათესაური, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს. ჩვენ გვაშფოთებს ის შედეგები, რომლებიც შესაძლოა გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში ჰამბურგის სამართალმცოდნეობის ბიბლიოთეკაში მომხდარმა ცვლილებებმა გამოიწვიოს.

 

უეჭველია, საბიბლიოთეკო ორგანიზების  სისტემები არა მხოლოდ სოციალურ და პოლიტიკურ რეალობას ასახავს, არამედ ამ სინამდვილის შექმნის პროცესის უშუალო მონაწილეა.  აქედან გამომდინარე, წყაროების სტრუქტურირება და განლაგება ძალზე საპასუხისმგებლო საქმიანობად უნდა აღვიქვათ. თუმცა, აშკარაა, რომ  „ალპების ჩრდილოეთით არსებულ თანამედროვე სამართლმცოდნეობის ბიბლიოთეკაში“ (იორგ დრეგერი) ეს თანამედროვე მეთოდები ძალზე არასათანადოდ აღიქმება.

 

მომხმარებლის გაოცებას იწვევს ის, რომ, ამ ცოტა ხნის წინ, ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის ქვეყნების სამართლის განყოფილებაში „აფხაზეთი“ ცალკე ქვეყნების  სიაში შეიტანეს. თქვენთვის, როგორც ჰამბურგის სახელმწიფო ბიბლიოთეკის დირექტორისთვის, რომელიც ბიბლიოთეკის, როგორც საზოგადოებრივი დაწესებულების მუშაობას ხელმძღვანელობს, ბოლო წლების პოლიტიკური გადაცემებიდან ცნობილი უნდა იყოს, რომ საქმე ეხება საქართველოს რესპუბლიკის ნაწილს. აფხაზეთი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ევროკავშირის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებული არ არის.

 

აშკარაა, რომ საზოგადოებრივი სამართლისა და აღმოსავლეთ ქვეყნების სამართლის პროფესორმა (სამართალმცოდნეობის დარგი I), აღმოსავლეთ ქვეყნების სამართლის კვლევის განყოფილების დირექტორმა პროფესორმა ლუხტერჰანდტმა გამოიყენა  თავისი გავლენა და აფხაზეთი ახალი კლასიფიკაციით - ცალკე ქვეყნის სტატუსით შეიყვანა სისტემაში. ბატონი ლუხტერჰანდტი აფხაზეთის შესახებ ძალზე საკამათო მოსაზრებით გამოვიდა გერმანული საზოგადოების წინაშე. ასეთი მოსაზრებების გამოთქმა იყო და არის მისი პიროვნული უფლება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, იგი თავის გავლენას საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სისტემის ფარგლებში კერძო მოსაზრებების გასავრცელებლად იყენებს. ცხადია, რომ პროფესორი ლუხტერჰანდტი სემანტიკური კლასიფიკაციის დაჯგუფების გამოყენებით, კიდევ უფრო უწყობს  ხელს აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას.

 

ჩვენი აზრით, ასეთი ქმედება ფაკულტეტის ბიბლიოთეკისათვის მხოლოდ ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს.  აღნიშნული ბიბლიოთეკა სამართლის დარგში მომავალი ადგილობრივი და უცხოელი კადრების აღზრდას უწყობს ხელს; მათ ამ გზით კავკასიის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიეწოდებათ, რაც ცალმხრივად რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გვაცნობოთ, როდის გაატარა ეს ცვლილება პროფესორმა ლუხტერჰანდტმა და რატომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ბიბლიოთეკამ. ჩვენ ველით, რომ ამ ცვლილებების განხორციელების კრიტერიუმებსაც დაგვისახელებთ. 

 

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი, როგორც დარგობრივ საკითხებზე  პასუხისმგებელი პირის ფუნქცია და  გაგვაცნოთ, თუ რა გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ეს ქმედება.

 

პატივისცემით,

 

მარიკა ლაფაური-ბურკი (გერმანულ-კავკასიური საზოგადოება „ლილეს“ თავმჯდომარე)

დოქტორი ფრანკ ტრემელი (ისტორიკოსი)

ნანა ჭელიძე-ჟაკი (მთარგმნელი)

კოკა ტოგონიძე (ვიდოფონის სააქციო საზოგადოების გამგეობა)

თამარ გასვიანი (ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი)

დავით ასათიანი (ჰამბურგის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დოქტორანტი)

ინგა ჭოლოკავა (ჰამბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციების მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტი).

 

 

* * *

 

 

ჰამბურგის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო სისტემის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარისა  და ჰამბურგის კარლ ფონ ოსიეცკის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის,

პროფესორ  გაბრიელე ბეგერის პასუხი

 

ჰამბურგის კარლ ფონ ოსიეცკის სახელობის                                    დირექტორი

სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა                 

                                                                                               ტელ: (040) 428 38 -22 11

                                                                                               ფაქსი:    (040) 428 38 -33 52

                                                                                ელფოსტა: beger@sub.uni-hamburg.de

                                                                                                                

 

                                                                                ჰამბურგი 20.1.2010

 

საზოგადოება „ლილეს“ თავმჯდომარეს,

ქალბატონ მარიკა ლაფაური-ბურკს

 

 

ასლი

სენატორ ჰერლინდე გუნდელახს,

მეცნიერებისა და კვლევის სამსახურს

 

ჰამბურგის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს,

პროფესორ დოქტორ ლიოშპერს

 

 

 

სისტემური ცვლილება სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მთავარი  ბიბლიოთეკის აღმოსავლეთ ქვეყნების სამართალის განყოფილებაში 

 

 

დიდად პატივცემულო ქალბატონო ლაფაური-ბურკი,

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

 

ვადასტურებ, რომ მივიღე თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი ამა წლის 15 იანვარს. ნება მომეცით, გაცნობოთ, რომ სახელმწიფო და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა   აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი არ არის. „საგნობრივი სისტემატიზაცია სამეცნიერო ბიბლიოთეკებში“, ერთმნიშვნელოვნად, მეცნიერების თავისუფლების საკითხია და არ ექვემდებარება ჩემს თანამდებობას. ამდენად, მე არ მაქვს შესაძლებლობა, გავლენა ვიქონიო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მთავარი ბიბლიოთეკის მუშაობაზე.

 

ამასთანავე, გავესაუბრე ბატონ პროფესორ რეპგენს, რომელთანაც სამსახურეობრივად ვარ დაკავშირებული და როგორც  ბიბლიოთეკის დირექტორი, მასალების ბედს განაგებს. მან მითხრა, რომ 2006 წელს, პროფესორი ლუხტერჰანდტი, კათედრის გამგეობისთან პარალელურად,  თავად ხელმძღვანელობდა მასალების მიღებასა და სისტემის შექმნას, რომელიც რვა წიგნისა და სხვა სახის თერთმეტი ბეჭდური მასალისგან შედგებოდა.  ბატონმა  რეპგენმა მთხოვა, გაცნობოთ, რომ სახელმწიფოსა და, შესაბამისად, ეროვნული უფლებების საკითხი არცერთ შემთხვევაში უნდა უკავშირდებოდეს ამ მოვლენას. ბატონმა ლუხტერჰანდტმა ამ პერიოდის სისტემა გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით ჩამოაყალიბა, რომელთა შორის, შესაძლოა, აფხაზეთიც ყოფილიყო, როგორც საქართველოს რეგიონი. ამდენად, კატალოგში სისტემური ძიებისას, ინდექსაციის მიხედვით, აფხაზეთის თემა ,,საქართველოს“ ცნებას  ექვემდებარება. ეს მასალების სისტემური განთავსების შესახებ განმარტებისთვის.

 

პროფესორმა რეპგენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სამართლის მთავარ ბიბლიოთეკასთან არსებული აღმოსავლეთ ქვეყნების სამართლის ბიბლიოთეკის რეფორმისას, სისტემური მონაცემი „აფხაზეთი“ ამოღებული იქნება მრავალი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მიერ  აღიარებული და გათვალისწინებული „რეგენსბურგის კავშირის კლასიფიკაციის“ (RVK) მიხედვით.  

 

იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ბიბლიოთეკარები  ,,ერთობლივი  ძალებით“ გავითვალისწინებთ თქვენს თხოვნას. თუ ეს მალე არ მოხდა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოგვმართოთ  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მთავარ  ბიბლიოთეკას ან სახელმწიფო - და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

 

პატივისცემით,

 

თქვენი გაბრიელე ბეგერი