ალექსანდრე ლორიას 90 წლის იუბილე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 22/04/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის პატრიარქის,  ალექსანდრე ლორიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.

ალექსანდრე ლორია წლების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში (დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), სადაც ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას; არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის ავტორი. დღემდე მისი ავტორობით გამოცემულია 28 წიგნი, რომლებშიც შესულია მწერლის პიესები, მოთხრობები და ლექსები.

ალექსანდრე ლორია იყო ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის" ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი მთავარი რედაქტორი 20 წლის განმავლობაში.

ალექსანდრე ლორია  დღესაც ქმნის ნაწარმოებებს, აგრძელებს თანამშრომლობას ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკასთან", არის მისი  საპატიო რედაქტორი. 

ეროვნული ბიბლიოთეკა ულოცავს კოლეგას იუბილეს.