30 აპრილი - ბიბლიოთეკარის დღე
 30/04/2024

30 აპრილს საქართველოში ბიბლიოთეკარის დღე აღინიშნება. ბიბლიოთეკარები, რომელთა უმეტესობა რამდენიმე ათეული წელია ემსახურება ამ საქმეს, 2003 წლიდან აღნიშნავენ პროფესიულ დღესასწაულს.

საქართველოს ბიბლიოთეკარებს ბიბლიოთეკარის დღეს ულოცავენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

კონსტანტინე გამსახურდია: „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ბიბლიოთეკარებს, ადამიანებს, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც იღწვიან ეროვნული სულისა და კულტურის აღზევებისთვის, სახელმწიფოებრივი ცნობიერების დანერგვისთვის. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის, რაც აუცილებელი პირობაა, მივიღოთ ჭეშმარიტად ევროპული და იმავდროულად ქართული ერი-სახელმწიფო თავისი მოწყობითა და მიზანდასახულობით. შორს არ არის ის დრო, როცა უფრო მეტად დაფასდება ბიბლიოთეკარის შრომა. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას".

მირიან ხოსიტაშვილი: „30 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ბიბლიოთეკარების პროფესიული დღესასწაული. ბიბლიოთეკარები არიან ადამიანები, რომლებიც განათლებასა და წიგნიერებას ემსახურებიან. ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელი მთავარი ძალა კი სწორედ განათლება და წიგნიერებაა".